ლევან სამუშია: შალვა შავგულიძის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ პიარკამპანიას მთაწმინდელებმა საკადრისი პასუხი გასცეს

“შალვა შავგულიძის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ პიარკამპანიას მთაწმინდელებმა საკადრისი პასუხი გასცეს”, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
სამუშიას თქმით, მთაწმინდის ამომრჩევლების უმრავლესობამ ხელისუფლებას უარი უთხრა.
„ხელისუფლებამ, როგორც ადრე, არც ამჯერად უღალატა თავის მავნე ტრადიციას და წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობდა ძალადობის გამოვლინების რეჟიმში, ეს წაქეზებული იყო ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფიდან, რაც არჩევნების საბოლოო შედეგზე, ბუნებრივია, ახდენს ძალიან ნეგატიურ გავლენას.
რაც შეეხება მთაწმინდაზე გამართულ არჩევნებს – მთაწმინდის ამომრჩევლების უმრავლესობამ ხელისუფლებას უარი უთხრა. თუ ჩვენ დავაჯამებთ, საერთო ჯამში, ოპოზიციურ ხმებს – მთაწმინდის ამომრჩევლებმა ხელისუფლებას უარი უთხრა. უარი უთხრეს იმას, რომ შავის თეთრად წარმოჩინების შემთხვევაში ისინი არ დაიჯერებდნენ, რომ შავი თეთრი იყო და თეთრი შავი იყო. აქ ვგულისხმობს ბატონი შალვა შავგულიძის მიმართ აგორებულ ბინძურ პიარკამპანიას, მთაწმინდელებმა ამას საკადრისი პასუხი გასცეს. ბუნებრივია, გადამწყვეტია ბატონი შალვა შავგულიძის პერსონა, მისი წარსული საქმიანობა. იცით, რომ არჩევნებზე როგორც ბლოკი გავედით „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“. ძალიან ნაყოფიერი მუშაობა იქნა გაწეული. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ადეკვატურად აღიქვამს მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა დაბალი იყო. ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა და მოიყვანა ამომრჩევლები. ადმინისტრაციული რეურსის გამოყენების შემთხვევაში ამომრჩევლის ნებაზე როგორ ხდება ზემოქმედება, კარგად ვიცით, მაგრამ ის შედეგი, რაც მათთვის სასურველი იყო, არ დადგა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთაწმინდის ამომრჩევლებს, მათ სწორი არჩევანი გააკეთეს პირველ ტურში.

მეორე ტურისათვის მეტი აქტიურობაა საჭირო, ვინაიდან ხელისუფლება მაქსიმალურად შეცდება მისთვის სასურველი შედეგის მიღებას. დარწმუნებული ვარ, იქნება ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური გამოყენება, სხვადასხვა არასამართლებრივი და არაკანონიერი მეთოდი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს, ბუნებრივია. მთაწმინდის ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, რისი იმედიც მაქვს, მთაწმინდა პირველი იქნება, სადაც დაიწყება ამ ხელისუფლების სამართლებრივი, საარჩევნო გზით გაშვება ოპოზიციაში, თუ როგორც პოლიტიკური ჯგუფი, ის შემდგომ საქმიანობას განაგრძობს“, – განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცესკო-ს მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა. „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა.

არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები