ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა.
ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური ეს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა.
საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განიხილეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
“ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატო-ში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად შეიარაღებისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გაგრძელების აუცილებლობის საკითხებიც განიხილეს, სადაც თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები