სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრებს, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო, ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის, მათ შორის –  საპარლამენტო კავშირების გაღრმავების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა გერმანელ კოლეგებს გააცნეს კომიტეტების მუშაობის სპეციფიკა, ის ძირითადი პროექტები, რომლებზეც კომიტეტებში მუშაობენ და ა. შ.
„ჩვენ ვისაუბრეთ გერმანიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე, მადლობა გადავუხადეთ გერმანიის სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის საქართველოსთვის და, ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ – გერმანიამ და საქართველომ პოლიტიკურ დონეზე უნდა განვახორციელოთ. ასევე, ვისაუბრეთ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ბუნდესტაგმა 10 მაისს მიიღო და სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისკენ სწრაფვა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ძალიან პოზიტიურად არის მოხსენიებული. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
გერმანელ კოლეგებთან შეხვედრას, ასევე, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა სოფო კილაძემ.
„გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია, რომელიც მათ შორის ევროკავშირსა და ნატოს-თან ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რომელიც ორივე მხარისთვის აქტუალურია სამომავლოდ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც გვექნება გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები