ჩუგოშვილი: ქვეყანა წავიდა წინ და ამას, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალების“ პრობლემა არის ის, რომ მათი სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება.
„გუშინ  ჩვენი ოპონენტების გეგმები საკმაოდ კარგად გამოჩნდა ჩანაწერებიდან, ასევე, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე. ისინი საუბრობდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნების შედეგებს, მათთვის მთავარი იყო „ადუღება“ ჯერ ზუგდიდის, შემდგომ აჭარის, შემდგომ კი მთელი საქართველოსი. როგორც ჩანს, ეს არის მათი გეგმა. მათი პრობლემა არის ის, რომ მათი სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. საქართველოსა და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებები დემოკრატიულ გარემოში ხდება არჩევნების გზით და „ნაციონალებს“ არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ ასეთი ცვლილებები მოახდინონ.
„ამ ფონზე მსჯელობა  ხელოვნური დაძაბულობების შექმნისა ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ეს მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასეთივე კრახით დასრულდება მომავალშიც მსგავსი გამოხტომები. რაც   უნდა იყოს მათი გეგმა, ჩვენს ქვეყანას აქვს განვითარების ერთადერთი გზა და ეს არის კანონისმიერი ცვლილებები, კანონისმიერი პროცესების წარმართვა და დემოკრატიული პროცესები. ეს არის ერთადერთი გზა და ფორმა, რითაც შეიძლება, გარკვეული ცვლილებები ქვეყანაში მოხდეს. მათ ეს გზა არ აწყობთ იმიტომ, რომ სათანადო მხარდაჭერა ასეთი ცვლილებებისთვის არ აქვთ, ხოლო რა გზაც მათ აწყობთ, ასეთ გზას არ დაუშვებს არც ხელისუფლება და არც ქართველი ამომრჩეველი.

ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი – პირველი, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება არის სტაბილურობა, სიმშვიდე და არა ქაოსი და არეულობა, რასაც ისინი სთავაზობენ ჩვენს ქვეყანასა და ქართულ საზოგადოებას.
მუდმივი ასეთი მუქარები სულ ისმის ყველა არჩევნების წინ და არჩევნების მერე და ვხედავთ, რომ არაფრით დასრულებულა. როგორც ჩანს, ამას ხვდება მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციასა და “ნაციონალურ მოძრაობაში” რამდენიმე ადამიანი. გუშინ ვიხილეთ ჩვენ ასეთი განცხადებები მათივე წარმომადგენლებისგან. როგორც ჩანს, იქაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აღარ შეიძლება რევოლუციაზე, გადატრიალებასა და ,,ადუღებაზე” საუბარი იმიტომ, რომ ქვეყანა წავიდა წინ და ამას, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები