დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან დაახლოებამ ჩვენ შეგვიქმნა ახალი შესაძლებლობები და დაგვანახა ახალი მიზნები

0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ევროპის დღეები 2019″-ის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის გამართული სემინარი- „ევროპა – საქართველოს ისტორიული არჩევანი” გახსნა.
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში, მოქალაქეების კიდევ უფრო აქტიური ჩართვის უზრუნველყოფაში და ევროპულ ქვეყნებთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში”- აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. ამ კუთხით აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს მოდერნიზაციის და განვითრების საქმეში, ისევე როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.
„დღეს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ევროპული ნორმები და სტანდარტები მკვიდრდება და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, რადგანაც ევროკავშირთან დაახლოებამ ჩვენ შეგვიქმნა ახალი შესაძლებლობები და დაგვანახა ახალი მიზნები. თავისუფალი მიმოსვლა- ეს არის კარგი საშუალება ხალხთა შორის ურთიერთობისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომელნიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იღებენ განათლებას ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს არის კარგი საშუალება ბიზნესის განვითარებისთვის, რათა ჩვენი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ყოველგვარი დაბრკოლების და ბარიერის გარეშე მოძებნონ კონტაქტები ევროპელ პარტნიორებთან“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობას.
„საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და ის ფორმატი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არის დაფუძნებული, მხედველობაში მაქვს მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ფოკუსირებულია სწორედ სამომავლო ინიციატივებზე, ახალ პროექტებზე, ახალ იდეებზე და ჩვენ გვგქონდა მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა გასული წლის 21 ნოემბერს ევროკავშირში, როდესაც პირველად ევროკავშირი-საქართველოს ისტორიაში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პრემიერ – მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა მომავალზე ორიენტირებულ პროექტებზე“, -აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე რეგიონების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ აღინიშნა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების მხარდაჭერის პროგრამა, შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა, ატმოსავლეთპარტნიორობის ფარგლებში არსებული ინიციატივა -„მერები ეკონომიკური ზრდისთვის” და სხვ. მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის განვითარება ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და სხვა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო ექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობს, რათა კერძო სექტორმა შეძლოს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი სავაჭრო შესაძლებლობები ევროკავშირთან.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებმაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის და ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი