დიმიტრი ხუნდაძე: გუშინდელი არჩევნები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გუშინ საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არჩვენები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე  – ოპოზიციისთვის.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ  გაერთიანებულმა ოპოზიციამ, გარდა ზუგდიდისა, ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან.
„გუშინდელი დღე ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას” აქვს ხალხისგან სერიოზული მხარდაჭერა და პოლიტიზირებული მედიის მცდელობა, შეექმნათ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ, ფუჭი აღმოჩნდა. ალბათ დარწმუნდნენ, რომ ეს იარაღიც აღარ უჭრით. ტყუილზე დაფუძნებული ნებისმიერი ქმედება ყალბია და ამ სიყალბეს ადვილად ცნობს ხალხი. გარდა ზუგდიდისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან. უნდა შეიგნონ, რომ ქართველი ხალხი მათ ხელისუფლების სადავეებს აღარასდროს მისცემს. გუშინდელი დაძაბული დღის შემდეგ არა მარტო ზუგდიდის, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ოპონენტ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის პარტიულ ტელევიზიას, ამის შემდეგ მაინც დაასვენონ საზოგადოება და მოასვენონ ქვეყანა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ არჩევნებზე მივიდა და ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა. მიუხედავად “ნაციონალების” ბევრი მცდელობისა, ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგო და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაატარა. მადლობას ვუხდი, ასევე, სამართალდამცავებს ეფექტური მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა სამეგრელოსა და ზუგდიდელებს. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ. რაც შეეხება გენერალურ რეპეტიციას, რომელზეც ასე ხმამაღლა კრიტიკულად აპელირებდნენ ოპოზიციისა და მათი მედიის წარმომადგენლები – ვიტყვი, რომ დიახ, ეს შუალედური არჩევნები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები