გია აბაშიძე: არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი მხარს უჭერს სტაბილურობას, სიმშვიდეს, კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, გუშინ ჩატარებული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი სტაბილურობასა და სიმშვიდეს უჭერს მხარს. ამის შესახებ გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შედეგებმა აჩვენა საკმაოდ საინტერესო ტენდენცია – იმ შედეგებმა, რაც წარმოადგენს ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე. წარმოადგინა ის, რომ ხალხი, მიუხედავად ხარვეზებისა და ნაკლოვანებებისა, მხარს უჭერს სტაბილურობას, სიმშვიდესა და კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს. ზუსტად ეს დავინახეთ ჩვენ. ვხედავთ, რომ ის დესტრუქცია, ის სიყალბეები, დაძაბულობა, შფოთი და ა.შ არ შედის საზოგადოების ინტერესებში. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითდამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ აქვს, საკმაოდ დროულად და სწრაფად უნდა მოხდეს გუნდში გადახალისება, სტრატეგიების შეცვლა, ახალი კადრების, ადამიანური რესურსების მოძიება, მხოლოდ საქმეზე ორინტირება და არა ჩაბმა იმ უსაგნო კონფრონტაციაში, რომელსაც ერთერთი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტები სთავაზობენ საზოგადოებას.

რაც შეეხება ნდობას – როცა აცხადებენ ოპონენტები, რომ, თითქოსდა, არჩევნები გაყალბდა მასობრივად და ის შედეგი არ არის, ვხედავთ, რომ პარალელლური დათვლის შედეგებით თითქმის იგივე შედეგი დადგა. თავად იმ არასამთავრობოებმა დადეს, რომ იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ამას საერთო სურათზე გავლენა არ მოუხდენია. ახლა წინ უნდა წავიდეთ, კონსტრუქციულ პოლიტიკურ რეჟიმში განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრება“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ხუთ ქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს.
წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, 8-ვე ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
პირველადი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ლადო კახაძემ 41,28 %, ხოლო “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36,72% მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები