თემურ ალასანია: ფლორიდის ბინა ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ შევიძინე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ექსგუბერნატორი – მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას “პოსტს” აქვეყნებს და აცხადებს, რომ ეს არის თემურ ალასანიას პასუხი ფლორიდაში ბინაში შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„რამდენიმე სიტყვით მინდა, გამოვეხმაურო გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს. ჩემი დამოკიდებულება ასეთი ჩანაწერების მიმართ მე რამდენჯერმე დავაფიქსირე და ახლა ამაზე არ შევჩერდები. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფლორიდის ბინამ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინათ შევიძინე ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ. ეს უძრავი ქონება გაფორმებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული და ფინანსური მოთხოვნის სრული დაცვით. ამ ბინით ვსარგებლობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი შვილები, შვილიშვილები და, რასაკვირველია, დიდი სიხარულით ვიწვევთ ხოლმე ჩემს დასა და დისშვილს, როცა მათ ჩამოსვლის საშუალება აქვთ. მე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ვმუშაობდი საპასუხისმგებლო ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში და, შესაბამისად, მაღალი ანაზღაურება მქონდა (და მაქვს). ამიტომ შემიძლია, ჩემს თავს უფლება მივცე, მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა. არა მგონია, ეს ვინმეს საქმე იყოს, მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებაში დაბუდებული ბიუჯეტის ქურდების“, – წერს თემურ ალასანია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც თემურ ალასანია სააკაშვილის ფლორიდაში მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში საუბარია, ასევე, სანდრა რულოვსზეც, რომელიც, თითქოს, ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები