მამუკა ბახტაძე: არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, თბილისში, სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოში 19 მაისს არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კიდევ ერთხელ დააფიქისირეს, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ყველა საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.
„არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტით, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა და პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, გამოცხადებული ნდობისთვის.

მე კარგად მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაილახოს. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველა იმ იდეასა და პროექტს, რომელიც თქვენთან, საზოგადოებასთან შეთანხმდა,  ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ უმოკლეს ვადებში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების მხრიდან.

ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი და ამიტომ, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ კომისიის წევრებმა მშვიდ გარემოში დაასრულონ თავისი საქმიანობა იმ უმაღლესი სტანდარტით, რომელსაც საქართველო ამკვიდრებს.

აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც შემოსულია ჩვენთან: პირველივე ტურში, ყველგან, იგებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები