მამუკა მდინარაძე: სიცრუეა, რომ რაღაც დამხშობები, მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები იყვნენ ზუგდიდში რომელიღაც შტაბთან

„ძალიან გთხოვთ, ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, არჩევნების წაგებას ვერ გადაფარავს ამბების მოგონება ე.წ. ჩამხშობების შესახებ და არცერთი წამით, არცერთი ტელეკომპანიის მაუწყებლობა არ შეფერხებულა.

„როგორც ვაცხადებდით თავიდანვე, დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, უკვე ოქმები ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. ის, რომ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ პრაქტიკულად ყველა ოლქში, ეს ნიშნავს, რომ პროგნოზი გამართლდა. ერთ-ორ ოლქში შესაძლებელია დავუშვათ, რომ იყოს მეორე ტური, მაგრამ ჯერჯერობით ამ ოლქებიდან არ არის შემოსული საკმარისი რაოდენობა, რომ განზოგადება შევძლოთ და შევძლოთ პრაქტიკული პროგნოზის დადება.

დაველოდოთ ოქმებს და ამის შემდეგ, უკვე პრაქტიკულად, უფრო ზუსტად, ნახევარ საათში შეგვეძლება ზუსტი ინფორმაციის გადმოცემა. მთავარია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მადლობა გადავუხადოთ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს და განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოიჩინეს უპრეცენდენტო აქტივობა და „ქართული ოცნება” ამ არჩევნებშიც, საერთო ჯამში, დამაჯერებლად, დაახლოებით 60 პროცენტის ფარგლებში იმარჯვებს”, – განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებდა თავის მხარდამჭერებს არეულობისკენ.

„მე არ ვიცი, ზუგდიდში დაიძაბება თუ არა მდგომარეობა, რას მოიმოქმედებენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ჩვენ პროვოკაციის შესახვედრად, დასახვედრად და აღსაკვეთად მზად ვართ, თუმცა ისიც შეგვიძლია დავამატოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებდა არეულობისკენ თავის მხარდამჭერებს, როცა მან მხარი დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბიდან ჩანაწერში გახმოვანებულ მესიჯებს, არეულობისა და ე.წ. ადუღების შესახებ. მინდა, მოგაწოდოთ დაკონკრეტებული ინფორმაცია – აბსოლუტური სიცრუეა, რომ რაღაც დამხშობები, მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები იყვნენ ზუგდიდში, რომელიღაც შტაბთან.

აქვე გეტყვით, რომ ორი შტაბი, „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი სულ 20-30 მეტრის მანძილით არის დაშორებული. მსოფლიოში ასეთი ჯერ არაფერი გამოუგონიათ, რომ ერთი მიმართულებით, 20 მეტრის იქით ჩაახშოს და 20 მეტრის იქით არ ჩაახშოს – ეს არის აბსოლუტური სიცრუე და როგორღაც, არჩევნების წაგებას ვერ გადაფარავს რაღაცა ამბების მოგონება ე.წ. ჩამხშობების შესახებ და ისიც უნდა დავამატო, რომ არცერთი წამით, არცერთი ტელეკომპანიის მაუწყებლობა არც კი შეფერხებულა. ძალიან გთხოვთ, ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი”, – განაცხადა მდინარაძემ.

 მამუკა მდინარაძე ზუგდიდის 86-ე უბანზე ჟურნალისტის შესვლის ფაქტსაც გამოეხმაურა.

„ახლა, რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის 86-ე უბანზე თქვენი ჟურნალისტის შესვლა, რაც აბსოლუტურად კანონიერი იყო, მაგრამ კანონით, მისი მოქმედება უნდა გაგრძელებულიყო ისე, რომ თავმჯდომარის მიერ გამოყოფილ ადგილას უნდა განთავსებულიყო ვიდეოკამერა და განეხორციელებინა ვიდეოგადაღება და არა პირდაპირი ჩართვა. როდესაც ჟურნალისტი სთხოვს პოლიციელს, რომ იცოდეს კანონი, მანაც უნდა იცოდეს კანონი, იმდენი მაინც, რომ მას არ აქვს პირდაპირი ჩართვისა და ხელშეშლის უფლება კომისიის წევრისთვის. ეს გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით და გთხოვთ, ამასაც ყურადღებით გაეცნოთ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები