სულხან სალაძე: ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა

“დღის 20:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა”, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნახევრის ნეგატიური ტენდენცია: დაძაბული გარემო ზუგდიდის ოლქში და ამომრჩევლის ნების კონტროლი, ყველა სხვა ოლქის მასშტაბით, რაც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში გამოიხატებოდა.
“ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე, შემაშფოთებელია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავება. როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას.
საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს, კვლავ არსებობს ტექნიკური პრობლემები, რის გამოც, გარკვეული ხნის განმავლობაში, 2 უბანში შეჩერებული იყო ხმის მიცემის პროცესი.
14:00 საათის შემდეგ, საიამ საარჩევნო ადმინისტრაციას ერთი საჩივრით მიმართა, რომელიც ზუგდიდის ოლქის N83 უბანზე განმეორებით ხმის მიცემას შეეხებოდა (სულ ამ დრომდე საიას 7 დარღვევაზე აქვს წარდგენილი საჩივარი).
საიას დამკვირვებლები რჩებიან შესაბამის უბნებზე და თვალყურს ადევნებენ ხმის დათვლის პროცესს”, -აცხადებენ საია-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები