ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობას“ არ გამოუვა, არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა

“მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი, დიდწილად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია”, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, არეულობა და დესტაბილიზაცია ზუგდიდში არ იქნება.
“მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ. გეგა შენგელია არის ზუგდიდელების კანდიდატი. არჩევნების დასრულებამდე დარჩა კიდევ 2 საათი და ძალიან მნიშვნელოვანია განვაგრძოთ ასეთი აქტიურობა. სწორედ ეს არ დაუტოვებს შანსს ჩვენს ოპონენტებს, მოაწყონ პროვოკაციები და არეულობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა, არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას არ დაუშვებენ ზუგდიდელები. არეულობა და დესტაბილიზაცია ზუგდიდში არ იქნება.

დარწმუნებული ვართ, ნამდვილი დამკვირვებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადოდ შეაფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად გამაოგნებელ, პროვოკაციულ, დესტრუქციულ განცხადებებს და ქმედებებს.

მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ცალსახად გაემიჯნონ არეულობის მოწყობის მცდელობას და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული შინაარსის მატარებელ ყოველგვარ გეგმას. ნუ დაუპირისპირდებიან ხალხის ინტერესებს. ყველა დავიცავთ საარჩევნო პროცესს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას, წყნარ, მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

დღეს ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის. გეგა შენგელია მიდის გამარჯვებისკენ. უბნებზე გადაადგილებისას, ალბათ, დაინახავთ, რომ კონკრეტული ადამიანები გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებს არიან ამოფარებული, ისინი ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. სამწუხარო ფაქტია ასევე ისიც, რომ მათ არ იციან საარჩევნო კანონმდებლობა, არ იციან კარგად. დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ხმების სწრაფ დათვლას”, -განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები