ნინო ბურჯანაძე: იმედი გვაქვს, რომ ვითარება არ გამოვა სტაბილურობის ჩარჩოებიდან

„როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ხედვები, რა პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, გვახსოვდეს – სამშობლო ყველას ერთი გვაქვს!“ – ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ამასთან, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში არ დაუშვან დესტაბილიზაცია. მისი თქმით, თუ ვითარება იმ რეგიონებში, სადაც არჩევნები იმართება, სტაბილურობის ჩარჩოებიდან გამოვა, პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება.
„ჩვენ ყველა დაძაბულები ვუყურებთ იმ რეგიონებს, სადაც არჩევნები იმართება. განსაკუთრებით შეშფოთების საგანია ზუგდიდის რაიონი. მთელი წინასაარჩევნო კამპანია დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ ეღირსა ნორმალური საარჩევნო გარემო და არ ეღირსა ის, რომ არჩევნები იყოს რეალური შეჯიბრი და არა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ამაზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
თითოეული ჩვენგანი შეშფოთებული ვუყურებთ ვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ვითარება არ გამოვა სტაბილურობის ჩარჩოებიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის და არასტაბილურობა ქვეყნისათვის დიდი საფრთხის მომტანი გახლავთ.
ამიტომ, საგანგებოდ მინდა განვაცხადო, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ასეთ ვითარებაში ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, რომ ვითარება კონტროლიდან არ გამოვიდეს. თუმცა, პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ოპოზიციაზეც მოდის. მინდა, ორივე მხარეს და ყველა მოქალაქეს სიმშვიდისკენ მოვუწოდო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, მიუხედავად პრეტენზიებისა ერთმანეთის მიმართ, რაც კი არსებობს, სამშობლო ყველას ერთი გვაქვს. იყავით თავშეკავებულნი და არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ყველასთვის ერთია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები