სოზარ სუბარი: „ნაციონალების“ მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ პროცესში, თუმცა გასაგებია რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან

„ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ყველა უბანზე შექმნას გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა“,- ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი დაძაბულობის შექმნაა, თუმცა, სუბარის თქმით, ისინი „მას ვერ ეღირსებიან“.
„საზოგადოება დილიდან თვალს ადევნებს შუალედურ არჩევნებს და ცხადია, რომ ყველა ოლქში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობის” და რუსთავი 2-ის მაღალი კონცენტრაცია და განსაკუთრებული ინტერესი არ არის იქ ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები.
ერთადერთი ოლქი, სადაც დაძაბულობის
მცდელობები შეინიშნება ეს არის ზუგდიდი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ყველა უბანზე შექმნას გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა.
დაძაბულობა რომ არის მათი მთავარი მიზანი, ეს კარგად ჩანდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც კარგად გამოჩნდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან ისე იმ ჩანაწერებიდან, რომელიც ზუგდიდში ჩვენს გუნდს მიაწოდეს მათივე წარმომადგენლებმა. კარგად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მათი მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ, თუმცა გასაგებია რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა პოლიციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ სამართალდამცველები მცირე გადაცდომაზეც კი ოპერატიულად რეაგირებენ.
„აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციას, რომელიც ძალიან ოპერატიულად რეაგირებს ნებისმიერ უმცირეს გადაცდომაზე და დარღვევაზე. შესაბამისად, სიმშვიდე არის შენარჩუნებული ყველა ოლქში. ერთი რამეს მინდა შევაგუო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარასოდეს აღარ დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში და ყველგან, სადაც ისინი ეცდებიან აგრესია გამოიჩინო კიდევ ერთხელ ქართველი ხალხისა და ქართველი ამომრჩევლის მიმართ, მათ შესაბამის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები