მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში ნათლად ჩანს, რომ რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ, დაძაბულობის ცენტრი შექმნან

„საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული და ორიენტირებული, რომ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
„საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული და ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ ვითარებაში. ამისთვის, მინდა სამართალდმაცველ ორგანოებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს მოუწოდა,  მაქსიმალური ყურადღება ზუგდიდისკენ მიმართონ.

„ზუგდიდში ნათლად ჩანს, როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ასევე დღესაც, რომ რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ, დაძაბულობის ცენტრი შექმნან. ჩვენ ვნახეთ აუდიო ჩანაწერიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ე.წ. „ადუღებაზე“ და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ. ეს, გასაგებია, რომ მათი მიზანია, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ“,- აღნიშნა მდინარაძემ.
დეპუტატმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოუწოდა, რომ იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა ადგილზე და განსაკუთრებით ზუგდიდში, არ წამოეგონ. მისივე თქმით, გარკვეული პროვოკაციული ფონი მარნეულშიც შეინიშნება „ევროპული საქართველოს“ მხრიდან და ისინი სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები