ბოლნისში ევროპის დღე აღნიშნეს
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ქვემო ქართლის ბიუროს ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ევროპის დღე აღინიშნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობით, ევროპის ქვეყნების პავილიონები მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ქვეყნების ტრადიციები და კულინარია წარმოადგინეს. მასშტაბურ ღონისძიებებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
კულტურული ღონისძიება ბოლნისის შემოქმედებითი კოლექტივებისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების ჩართულობით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, ჩატარდა ესეების კონკურსის „ევროპა ჩემთვის არის…“ , ასევე გაიმართება საფეხბურთო ტურნირის „ჩემი ევროპა“ ფინალური ტური, რომელშიც მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიების მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის ევროპასთან საქართველოს კულტურული დაახლოების ხელშეწყობა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ევროინტეგრაციის პროცესში.
,,დღეს ბოლნისში საზეიმო განწყობა იყო, ვინაიდან 2019 წლის ევროპის დღეების ქვემო ქართლის მასპინძლები ჩვენ გახლდით. ვფიქრობ, ბოლნისში ევროპის დღის მასშტაბურად აღნიშვნა მეტად სიმბოლურია, ბოლნისი ხომ ქართული ქალაქია ევროპული წარსულით. მე-19 საუკუნის დასაწყისში, შვაბმა კოლონისტებმა აქ ევროპული ტიპის დასახლება შექმნეს და ნაკვალევად მდიდარი არქიტექტურა და ტრადიციები დაგვიტოვეს. საქართველო უპირობოდ არის ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ევროპასთან ისე ახლოს, როგორც ახლა. ყველას გილოცავთ ევროპის დღეებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.