მარნეულის მუნიციპალიტეტში მერის შუალედურ არჩევნებში 15 კანდიდატი იღებს მონაწილეობას
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მერის შუალედურ არჩევნებში სულ 15 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, აქედან 14 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ერთი კი საინიციატივო ჯგუფმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ზაურ დარგალიაა წარდგენილი, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატია აკმამედ იმამკულიევი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ აგილ მუსტფაევი, ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი -ელენე გაბინაშვილი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – ბექა სვანიძე, „თავისუფალი საქართველო“ – ნინო ჯურხაძე, ,,საქართველო“ – ლეილა ხარაიშვილი, ,,მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ირენა სტურუა, ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – ლიზა სიხარულიძე, ,,პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ნინიკო ჩხეტია, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ – მალხაზ გორგასლიძე, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ელისო ქართველიშვილი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“ – ჯანო ჟვანია, ,,ქრისტიან-კონსერვატორები“ – ილია პატარაია, საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის #22 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე 90 სარჩევნო უბანია და 99 717 ამომრჩეველია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პოსტი გასული წლის ზაფხულში გახდა ვაკანტური. მაშინდელი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ, მარნეულში, მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, 13 ივნისს დააკავა და 14 ივნისს მას პატიმრობა შეეფარდა. გასული წლის 13 დეკემბერს, თემურ აბაზოვი პატიმრობიდან, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.