გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის ყველა უბნის გარეთ საარჩევნო პროცესს დრონებით დააკვირდება
თითოეული საარჩევნო უბნიდან მოხდება პირდაპირი ტრანსლირება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის, ასევე საარჩევნო უბნებთან იქნებიან მობილიზებული დრონები, -ამის შესახებ “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, ეს ზომები იმისათვის იქნა მიღებული, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება.
“მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ თითოეული საარჩევნო უბნიდან მოხდება პირდაპირი ტრანსლირება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ, რაც ყველაზე მთავარია საარჩევნო უბნებთან იქნებიან მობილიზებული დრონები , რომლებიც გააკონტროლებენ საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო პროცესს”, -განაცხადა ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილი მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, ზუგდიდში ჩასვლისკენ, რადგან ბეჟაშვილის თქმით, ამ რეგიონში წყდება საქართველოს ბედი და აუცილებელია არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართოს.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი სერიოზულ დავალებებს გასცემს ადმინისტრაციული რესურსის გაყალბების თვალსაზრისით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ავალებენ როგორც მასწავლებლებს, ასევე საჯარო მოხელეებს,რომ ბიულეტენების შემოხაზვის დროს კაბინიდან გამოსვლისას მოახდინონ კომისიის წევრებისთვის ბიულეტენის ჩვენება, რაც ბუნებრივია, არის კანონდარღვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, რომ დღეს ზუგდიდში არის ყველაზე ცხელი ეპიცენტრი არჩევნების, საქართველოს ბედი წყდება აქ, ამიტომ თამარ ჟვანია უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა აქ არჩევნების ნორმალურად და კანონიერად ჩატარებაზე “,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, დისკრედიტებულია საოლქო კომისია და მისი თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც თამარ ჟვანიას ნათელმირონია.