ჭიათურაში დავით სერგეენკოსა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა დასრულდა – მხარეები დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ
ჭიათურაში დავით სერგეენკოსა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლის, აკაკი გურჯიძის გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, შეთანხმება მხოლოდ დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებაზე მოხდა.
აკაკი გურჯიძის განცხადებით, მუშა-მოსამსახურეების მოთხოვნას, ხელფასების 50%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაცია ყველასთან ინდივიდუალურად გაივლის.
“კომპანია მზადაა, შეხვდეს გაფიცულებისგან ნდობით აღჭურვილ პირებს და სამუშაო ფორმატში განიხილოს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხი. რაც შეეხება ხელფასების 50 პროცენტით მატების საკითხს, ეს თემა გასავლელია ინდივიდუალურად, ყველასი ცალ-ცალკე. მოდით, დავსხდეთ და ეს ადმინისტრაციაში განვიხილოთ. დამატებით, შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანია საკუთარ პოზიციას ოთხშაბათს გაასაჯაროებს”, – განაცხადა აკაკი გურჯიძემ.
ამ დროისთვის, ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები აქციას განაგრძობენ.
ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა გაფიცულებს მოუწოდეს, რომ ხვალ, არჩევნების დღეს, თავი შეიკავონ კარავთან მისვლისგან, რათა ეს პოლიტიკურმა ძალებმა სათავისოდ არ გამოიყენონ. ასევე თქვეს, რომ წავიდნენ არჩევნებზე და ამით თავიდან აიცილონ პოლიტიკური პროვოკაციები. ორგანიზატორების თქმითვე, ორშაბათიდან ისევ გააგრძელებენ აქციას ოჯახებთან ერთად. რაც შეეხება მოშიმშილეებს, ისინი დარჩებიან კარავში და გააგრძელებენ შიმშილობას.