დავით ბაქრაძე: ამ სცენაზე იმის გამო არ ვდგავარ, რომ შალვა ზეგ კაბინეტში შევიდეს

„ამ სცენაზე იმის გამო არ ვდგავარ, რომ შალვა ზეგ კაბინეტში შევიდეს. მე ვდგავარ იმის გამო, რომ მე და შალვას საერთო ბრძოლა გვაერთიანებს“, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ბლოკის – „თავისუფალი დემოკრატები – ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრისას განაცხადა.

დავით ბაქრაძე მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ არჩევნები ცვლილებების მოტანაა.

„თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ არჩევნები ცვლილებების მოტანაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეალობა თავისით არ შეიცვლება, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები ისევ ფიქრობენ, რომ არჩევნები დგას ცალკე და მათი გაჭირვება – ცალკე. არ დგას ცალკე. იმ არჩევნების შედეგია გაჭირვებული ცხოვრება, რომელშიც ვართ. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება არჩევნების და პრობლემების გაყოფა, თავისით არაფერი მოგვარდება.

სიმბოლურია, რომ საარჩევნო ოლქი, სადაც ხვალ შედგება კენეჭისყრა და სადაც დარწმუნებული ვარ, შალვა შავგულიძე გაიმარჯვებს, ნომერ პირველი საარჩევნო ოლქია. ეს იქნება ნომერ პირველი ოლქი, საიდანაც დავიწყებთ გამარჯვებას. ჩვენ, ყველა ერთად, უარს ვეტყვით იმ ხელისუფლებას, რომელმაც 7 წლის განმავლობაში, ქვეყანა უკან დახია და ადამიანები ამდენი პრობლემის წინაშე დააყენა.

მომავალთან ერთად, ჩვენი გაჭირვებული აწმყოც გვაერთიანებს, გვაერთიანებს ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვდა ქართულ საზოგადოებაში, ჩვენ გვაერთიანებს ის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ყველა ოჯახს აწუხებს. ჩვენ ხვალ ვირჩევთ და დარწმუნებული ვართ, ავირჩევთ შალვა შავგულიძეს, მაგრამ არჩევნებზე შალვა შავგულიძის გამო მიდიხართ, რომ პარლამენტის წევრი იყოს და კაბინეტში შევიდეს, თუ იმისთვის, რომ შალვას მეშვეობით, თქვენი ცხოვრება გაიუმჯობესოთ? შალვას უზარმაზარ პატივს ვცემ, მაგრამ ამ სცენაზე იმის გამო არ ვდგავარ, რომ შალვა ზეგ კაბინეტში შევიდეს. მე ვდგავარ იმის გამო, რომ მე და შალვას საერთო ბრძოლა გვაერთიანებს – ეს არის ბრძოლა ჩემი, თქვენი, მისი ოჯახების და შვილების უკეთესი მომავლისთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები