ლევან თორიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ზუგდიდში, დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერისას ინციდენტში ბრალდებულ “ოდიშის” წამყვანს ლევან თორიას,მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, 3000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, თუმცა ფულადი თანხის ნაცვლად, შეუძლია  უძრავი ქონებით უზრუნველყოს.

გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენა აშკარაა, თუმცა საქმის მსვლელობისას გამოჩნდება, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება. პროკურატურამ სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართა. თავად თორია, რომლის მიმართაც გამოძიება სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მისი ადვოკატის მტკიცებით, თორია სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  ადვოკატის თქმით, თორია იძულებული იყო, თავი დაეცვა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ, უკიდურეს შემთხვევაში კი განისაზღვროს გირაო, მინიმალური ოდენობით. ბრალდებულმა ლევან თორიამ კი პროცესზე  14 მაისს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

“მოვარდნენ, იქნევდნენ ხელ-ფეხს, მეც მომხვდა ფეხი და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იძულებული ვიყავი, თავი დამეცვა. ამის შემდეგ კი კადრებშიც ჩანს, რომ ვცდილობდი, გავრიდებულიყავი სიტუაციას”,-აღნიშნა ლევან თორიამ.

პროკურორის, ილია ტორუას განმარტებით კი თორია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა.

“სიტყვიერი შეურაცხყოფით გაბრაზებულმა ლევან თორიამ ჩაიდინა კონკრეტული პირის მიმართ ძალადობა, რაც გამოძიების ამ ეტაპზე გამოიკვეთა”,-განაცხადა ტორუამ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს, ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” ჩაწერის დროს, რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს, გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით, პატიმრობა, მეორეს – მამუკა ცირდავას კი 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები