სოფიო ქაცარავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა, არჩევნები სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს
“რამდენიმე დღეა, ზუგდიდში ვიმყოფები და წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნა მანიპულირებული. არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ სიმშვიდე დაიცვას, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შუალედური არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ამისთვის ყველა კომპეტენტური უწყება მობილიზებულია”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სოფიო ქაცარავამ წინასაარჩევნო კვლევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატს, გიორგი შენგელიას დიდი უპირატესობა აქვს. რაც შეეხება მოსალოდნელ ინციდენტებს, ქაცარავას თქმით, ნებისმიერ შემთხვევას შესაბამისი უწყებიდან რეაგირება მოჰყვება.
“რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენ ვისაუბრეთ, არაერთხელ, კვლევებთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა. ნებისმიერი ინციდენტის მიმართ არის შესაბამისი რეაგირება და ეს არ არის რეაგირება პოლიტიკური ნიშნით. ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნების დღეს კომპეტენტურ უწყებებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება. ეს უდავოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში, მაგრამ ყველამ უნდა აიღოს იმის პასუხისმგებლობა, რომ შენარჩუნდეს სიმშვიდე, რადგან ჩვენი ამოცანაა, ზუგდიდში და საქართველოს სხვა ოლქებში, სადაც ჩატარდება შუალედური არჩევნები, ყველგან ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ისე, როგორც ამას იმსახურებს ნებისმიერი რეგიონი. ნებისმიერ ინციდენტზე კი არის და იქნება შესაბამისი რეაგირებაა კომპეტენტური უწყებების მხრიდან’’,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.