სოფიო ქაცარავა: ოპოზიციას აქვს მცდელობა, ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაცია მოახდინოს

0

„მე ვუწოდებ ამ კამპანიას პოზიტიურს”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოფიო ქაცარავამ ზუგდიდის შუალედურ არჩევნების შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, კამპანია არის ძალიან პოზიტიური და საქმიანი.
„მე ვუწოდებ ამ კამპანიას პოზიტიურს. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს იცოდეს როგორც ზუგდიდში, ისე – მთლიანად საქართველოში. კამპანია არის ძალიან პოზიტიური და საქმიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
აქ საუბარია ხედვებზე, მომავალზე და მოსახლეობის მხრიდან გეგა შენგელიას მიმართ კეთილგანწყობა არის აშკარა. ფაქტია ის, რომ ჩვენ, ყველა ჩართულები ვართ კამპანიაში და რეალურად ვხედავთ მოსახლეობის განწყობას.
ჩვენი დღის წესრიგი არის პოზიტიური და საქმიანი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამომავლო გეგმებზე, ზუგდიდში არსებულ გამოწვევებსა და იმაზე, როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები, რა გაკეთდა ზუგდიდში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში”, – აღნიშნა ქაცარავამ.
სოფიო ქაცარავამ ზუგდიდში შექმნილ ფონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას აქვს მცდელობა, ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაცია მოახდინოს.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო ფონთან დაკავშირებით. რეალურად, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით და რაც რეალურად არის, როგორც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული სურათი.
აქ იმყოფება ჩემი ბევრი კოლეგა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ატარებს კამპანიას, მათ შორის – მეც და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ განწყობაც და კამპანიის მსვლელობაც არის მშვიდი.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად იმ კვლევების გამო, ზუსტად იმის გამო, რომ გეგა შენგელია გაცილებით უსწრებს ოპოზიციის კანდიდატს, თუნდაც იმ პროცენტით და ეს არის 12 პროცენტი არის მცდელობა იმისა, რომ, ზოგადად, ზუგდიდში მიმდინარე კამპანიას ოპოზიციამ ჩრდილი მიაყენოს და პროცესი იყოს დისკრედიტებული, შეიქმნას ფონი, თითქოს, აპოკალიფსი ხდება ზუგდიდში. რეალურად, ეგრეთ წოდებული ცხელი წერტილები, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახეთ, არის ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი.
ირაკლი ჩიქოვანმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ამ კვლევებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად ვმონაწილეობთ წინასაარჩევნო კამპანიაში. არ მიკვირს, რომ ის შედეგები, რაზეც ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა, დაიდო კვლევის შედეგად. კამპანია არის ძალიან პოზიტიური „ქართული ოცნების” მხრიდან. პირადად ვარ ამ კამპანიაში ჩართული.  მოსახლეობის დიდ რაოდენობას ვხვდებით. ახლა დავბრუნდი ერთ-ერთი უბნიდან, სადაც ძალიან საქმიანად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.

განწყობებს რაც შეეხება და 12%-იან უპირატესობას – ჩვენს კანდიდატს აქვს აშკარა უპირატესობა. კეთილგანწყობა გეგა შენგელიას მიმართ არის აშკარა და ამას მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციისას ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ზუგდიდსა და მთლიანად საქართველოში კამპანიამ მშვიდ და სტაბილური ვითარებაში ჩაიაროს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი