ირაკლი კობახიძე Ipsos-ის კვლევაზე: ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ – წინასწარმეტყველება

“ჭიათურაში მოსახლეობა უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. ჩვენი მონაცემებით, ჩვენ შეგვიძლია პირველ ტურში გამარჯვება და ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში გავიმარჯვებთ, მთავარია ამომრჩევლის აქტიურობა. თუ იქნება მაღალი აქტიურობა, ამ შემთხვევაში უპრობლემოდ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან Ipsos-ის კვლევებზე საუბრისას აღნიშნა, ეს არა სოციალური გამოკითხვა, არამედ – წინასწარმეტყველებაა.
მისივე თქმით, შედეგების გამოქვეყნებით დაირღვა კანონიც.
“2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ – წინასწარმეტყველება და წინასწარმეტყველებასა და წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზეა გადასული “რუსთავი2”. რაც შეეხება “რუსთავი2-ისა” და იგივე “ნაციონალური მოძრაობის” კვლევებს – ისინი ყოველთვის აცხადებენ ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს არჩევნების მეორე დღეს სხედან ხოლმე გაფითრებულნი საკუთარ ეთერში. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო წლების განმავლობაში. ადრე ისინი აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა – კვლევის შედეგებს.
მე დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი. დღეს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები – სხვათა შორის, კანონის დარღვევით იმიტომ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში არ შეიძლება საერთოდ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნება. კანონიც დაარღვიეს და ესეც არ აინტერესებთ. ზოგადად, “ნაცმოძრაობას” არასდროს აინტერესებდა კანონი და, შესაბამისად, არც “რუსთავი2-ს” და ასე აგრძელებენ ისინი მუშაობას. დეტალებში ვერ შევალ გამომდინარე იქედან, რომ არანაირი ინფორმაცია მაქვს. მთავარია ის პრაქტიკა, რომელიც ვიცით ჩვენ გასული წლებიდან და პრაქტიკა არის ის, რომ დადებდნენ ხოლმე ერთი კვლევის შედეგებს, წინასწარ იგებდნენ ხოლმე არჩევნებს და არჩევნების მერე ისხდნენ ხოლმე დამწუხრებულნი “რუსთავი2-ის” ეთერში. ეს არის პრაქტიკა და ეს პრაქტიკა განმეორდება აუცილებლად წელსაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები