“თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.
„მოგესალმებით, ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას. მე, ძირითადად, ერთი მწარე და აუტანელი ტკივილი მაწუხებს, რაზეც ჯერ სახელმწიფოსგან პასუხები არ მაქვს. ჯერ ვერ შევძელი და ვაგრძელებ ერთობლივ ბრძოლას იმისთვის, დავიცვა თემირლანის სიმართლე და დავიცვა, ასევე, ამ ქვეყნის ახალგაზრდობა. ვიცი, იმედდაკარგული, ხელებჩამოშვებული თუ შევწყვეტ ამ ბრძოლას, შემდგომში არავის ექნება პერსპექტივა და სურვილი, იბრძოლოს სიბოროტის წინააღმდეგ. ვიცი, გაჩნდება ეჭვი, აგერ მაჩალიკაშვილს არაფერი გაუვიდა, ამიტომ ჩვენ ერთად მივალთ სიმართლემდე. ქისტებს მოვუწოდებ, ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგავარ. ჩვენ არ ვერევით არჩევნებში, ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას, არასამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალსაც. ჩემი თხოვნა იქნება თითეულისთვის, არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება, არ არის საჭირო. თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ. არ არის აუცილებელი, ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან. მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებთ გამარჯვებას, ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია“, – წერს მაჩალიკაშვილი.