„ეკლესიისთვის ვერასდროს იქნება მისაღები გარყვნილების პროპაგანდა“ – დეკანოზი 17 მაისზე საუბრობს

“ეკლესიისთვის ვერასდროს იქნება მისაღები გარყვნილების პროპაგანდა, რაც  უნდა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ ის”, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეკანოზი 17 მაისის თემას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
2014 წელს საქართველოს ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოეცხადებინა. ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით წელსაც კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ. მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება.
„დღეს არის ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. მშობლების პატივისცემისა და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის კეთდება ეს და იგეგმება მსვლელობა რესპუბლიკის მოდნიდან სამების ტაძრისკენ, სადაც მისი უწმინდესობა გადაიხდის პარაკლისს. ეს ღონისძიება კონცერტით დასრულდება“, – განაცხადა დეკანოზმა.
კითხვაზე – რატომ ემთხვევა ოჯახის სიწმინდის დღე, მაინცდამაინც, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მამა ალექსანდრე გალდავა პასუხობს:
„თქვენ თუ გადახედავთ ეკლესიის კალედარს, ვერ ნახავთ დღეს, არ იყოს დღესასწაული. ერთადერთი დღეა წითელი პარასკევი, ეს დღე არის გამოცხადებული ლიტურგიის გარეშე დღედ. ანუ ეს დღე არ არის დღესასწაული, არამედ ამ დღეს ჩვენ ვწუხვართ და ვიხსენებთ იმ მძიმე პერიოდს, რომელიც მაცხოვარმა გაიარა. ამიტომაც, ხალხის რელიგიურად მოუმზადებლობის გამო ხშირად ისმის ასეთი არაეკლესიური კითხვები. ვისაც რა უნდა, ის იდღესასწაულოს. ჩვენი დღესასწაულები ხშირად ემთხვევა ებრაულ დღესასწაულებს, მუსულმანურ დღესასწაულებს. არაფერი პრობლემა  არის. ისინი დღესასწაულობენ თავისთვის, ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენთვის. 17 მაისი არის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ დღეს მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, ცივილურ სამყაროში ხდება აღლუმები ლგბტ თემის მოძრაობის, რომელიც, ყველა დამერწმუნებით, არ არის ლამაზი სანახავი თავისი ფორმითაც, შინაარსითაც. ამ აღვირახსნილ ურთიერთობებს, რომლებიც მათ აქვთ, დემონსტრირებენ საზოგადოების წინაშე. ეს, ალბათ, უნდა უქმნიდეს იმ ხალხს პრობლემას, რომლებიც იმ ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა ეს მათი პრობლემაა და მათი არჩევანია – როგორც უნდათ, ისე გააკეთონ. საქართველოში არის ეკლესია და არის ხალხი. ეკლესია მოუწოდებს ხალხს, რომ მისი ბრძოლის მეთოდი იყოს მშვიდობიანი, ფაქტობრივად, კი არ იბრძვი იმისთვის, რომ ლგბტ თემი არ გაძლიერდეს, არამედ იბრძვი იმისთვის, რომ სიკეთე წარმოაჩინოს. არაერთხელ მითქვამს, რომ ეკლესიის ბუნება არის სიკეთის წარმოჩენის ბუნება. რომ მიუთითოს ადამიანს, რა არის კარგი. როცა ლაპარაკობ, რა არის ცუდი, თუ გზა და გამოსავალი არ აჩვენე, მაშინ ეს განკურნებისკენ არ არის მიმართული.
ამ დღის გარეშე, მე რასაც ვუყურებ ჩემი პრაქტიკიდან, სრულიად უსაფრთხოდ ცხოვრობენ ადამიანები, ჩემ ირგვლივ არიან, ახლობლები არიან, ოჯახებშიც არიან ასეთები და, საერთოდ, პრობლემად ამ ხალხს არ მიაჩნია, თუ არ დაიწყებენ უხერხულ ქმედებებს საჯაროდ ქუჩაში, ან ვიღაცას არ მოაბეზრებენ თავს თავისი გამოხტომებით. ეს ჩვეულებრივად ადამიანურია. შეიძლება, ადამიანი ბუნებით იყოს თავხედი, უხეში, უზრდელი, ამის გამო უხეშად მოექცნენ მას და არა იმის გამო, რომ ამ თემის წარმოამდგენელია. მე უამრავ ადამიანს ვხედავ და არავინ ასე უკმაყოფილო არაა, გარდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა, აქტივისტებისა, რომლებიც, ალბათ, ეძებენ ასეთ ფაქტებს, რომ გაამართლონ თავიანთი მძიმე მდგოამრეობა – ის დახმარებები, რომელსაც იღებენ.
ისინი ტელევიზორში გამოდიან, პოლიტიკოსია, არჩვენებში იღებს მონაწილეობას, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთი წარმომადგენელია, ვინმემ მიაყენა შეურაცხყოფა? ლანძღა ან ცემა?
ეკლესიისთვის ვერასდროს იქნება მისაღები გარყვნილების პროპაგანდა, რაც  უნდა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ ის. შეგვიძლია, ძალიან მიმზიდველად იყოს, მაგრამ შიგნით რა დევს, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ. შიგნით დევს სწორედ ის, რომ მათ სჭირდებათ, ამ ეტაპზე, ვითომ გამოხატვის თავისუფლების მიცემა, ეს სახელმწიფოსთან უნდა გაარკვიონ. შემდეგი ეტაპია, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა დაკანონდეს; შემდეგი ეტაპია რომ ბავშვის აყვანის უფლება ჰქონდეთ. ეს ხომ გაჟღერებულია?შეგიძლიათ, ადგეთ და ჰკითხოთ თავიანთი გეგმების შესახებ. განა ჩერდებიან ისინი მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც “ფლეშმობს” გავაკეთებთ და გავჩერდებითო? მეტი არაფერი უნდათ საქართველოს სახელმწიფოსგან?”, – განაცხადა დეკანოზმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები