გეგა შენგელიამ ანაკლია-ზუგდიდის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გეგა შენგელიამ, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლია-ზუგდიდის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდები მოინახულა.

მმართველი გუნდის კანდიდატის განცხადებით, “ქართული ოცნება” მზადაა ყველანაირი სახის დახმარება გაუწიოს დაშავებულებს, რისთვისაც, მისივე თქმით, კატასტროფის მანქანებთან ერთად, მობილიზებული ჰყავთ ვერტმფრენები.
“მზად ვართ, უზრუნველვყოთ დაშავებულების გადაყვანა სხვადასხვა კლინიკაში. მობილიზებული გვყავს კატასტროფის ჯგუფები, როგორც ქუთაისიდან, ისე თბილისიდან. თუ იქნება ვერტმფრენის საჭიროება, ამისთვისაც მზად ვართ და ყველანაირ დახმარებას გავუწევთ დაზარალებულებს”, – განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ანაკლია-ზიგდიდის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მანქანა ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა. მანქანაში ზუგდიდის მე-4 სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისხდნენ. “კვირას” ინფორმაციით, მათ “ბოლო ზარი” ჰქონდათ.
ინციდენტის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა შეერთებული, ერთი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომანქანის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები