ირინა აბულაძე გიორგი გოგლიჩიძესთან შეხვედრაზე: 2020 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500 ლარი იქნება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ზესტაფონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა და სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს განათლების რეფორმის ფარგლებში, განსახორციელებელ პროექტებზე, მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებსა და პედაგოგთა ხელფასების გაზრდის საკითხზე.
მინისტრის მოადგილის თქმით, პედაგოგთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
“ვცდილობთ, ახალი რეფორმა ადამიანის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. სიახლეა ის, რომ გაზრდილია დაფინანსება, სახელფასო პოლიტიკა, სტატუსის დანამატი იზრდება 150 ლარით ისე, რომ 2020 წლისთვის საშუალო ხელფასი 1500 ლარი გახდეს. ხელფასი გაეზრდება სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დირექტორებს. ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც უმნიშვნელოვანესნი არიან ჩვენი სისტემისთვის, მიიღებენ სახელმწიფო ჯილდოს 2 წლის ხელფასს ერთჯერადად სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, ასევე, ისინი სადაზღვეო პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებენ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და მათ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“უპრეცედენტო ინვესტიციები, პედაგოგების ხელფასების ზრდა, საპენსიო ასაკის პედაგოგთა ღირსეული გაცილება – ეს არის ის უახლესი ცვლილებები, რომელსაც ვთავაზობთ პედაგოგიურ კორპუსს. ვსაუბრობთ, ასევე, თუ რა გამოწვევები რჩება და ეტაპობრივად როგორ შეიძლება მისი გადაჭრა.
რაც შეეხება, გიორგი გოგლიჩიძეს – მას ვიცნობთ როგორც ღირსეულ, გამორჩეულ, პრინციპულ ადამიანს, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება. მან უმწვავესი პრობლემების მიუხედავად პოზიციები არ დათმო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ობიექტურობის, სოციალური თანასწორობის, ბევრი სიახლის მომტანი ზესტაფონისთვის”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და იმ კურსისა და მშენებლობის გაგრძელებაა, რომელიც დაგეგმილია ჩვენს მუნიციპალიტეტში და განხორციელდება მიმდინარე წელს“, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.
შეხვედრაზე ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ და გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.