“ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს იმის გაანალიზებაზე, თუ რატომ ვერ იცვლება სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”

0

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის თქმით, როდესაც ევროსაბჭო მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ საუბრობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, როგორც ქვეყნის განუყოფელ ტერიტორიებზე, ეს მკაფიო მხარდაჭერის კიდევ ერთი გზავნილია.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მუდმივად უნდა გააგრძელონ მუშაობა იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდეს. ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ევროსაბჭო და კონკრეტულად ლიეტუვა მიესალმება იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„ევროსაბჭო თავისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და შესაძლოა, ბევრი კონკრეტული ნაბიჯის მოლოდინი არ გვქონდეს, მაგრამ თავად ის დოკუმენტი, რომელიც უნდა მივიღოთ, საუბრობს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთეს მომავლისკენ“ და მიესალმება მას, გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ასევე, გამოთქვამს შეშფოთებასა და კრიტიკას იმ მიუღებელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. საზღვრების გადაკვეთას ეხება. მე ეს ჩემი თვალითაც არაერთხელ მინახავს. როდესაც ევროსაბჭოს დოკუმენტში საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეჭვგარეშე ეკუთვნის საქართველოს, ეს, თავისთავად, უკვე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კიდევ ერთი მესიჯი. ახლა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს იმის გაანალიზებაზე, თუ რატომ ვერ იცვლება სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მცდელობისა, გაუმჯობესება არ გვაქვს, ამიტომ ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს ჩვენს დღის წესრიგში. სკეპტიკოსებმა შეიძლება, თქვან, რომ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, არაფერი იცვლება, მაგრამ თუ მცდელობას შევწყვეტთ, არც არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუმა ჰელსინკიში საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
ფინეთის დედაქალაქი 16-17 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს, რომლის დღის წესრიგშიც საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი განიხილება, მათ შორის – მინისტერიალმა უნდა მიიღოს დოკუმენტი სახელწოდებით – „ევროპის საბჭო და კონფლიქტები საქართველოში“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, მკაცრად გმობს რუსთის აგრესიულ ქმედებებს და ოკუპანტ ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი