ოთარ დანელია: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შეხვედრები, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონისა და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების საკითხებზე

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შეხვედრები, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონისა და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების საკითხებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომელმაც ბათუმში გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შეაჯამა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომები დასრულდა.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიების ბოლო შეხვედრაზე – ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დელეგატებმა თემაზე – „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“ მოხსენების პროექტი მოისმინეს და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
„ბათუმში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტების სხდომები გაიმართა. ჩვენთვის ასეთი ფორმატის შეხვედრებს, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და იმ პოტენციალზე, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. საკომიტეტო სხდომების ფარგლებში სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, მისი აპარატის საქმიანობაზე მოხსენებები მოვისმინეთ და, ასევე, ვიმსჯელეთ ქვეყნის განვითარებაში “მწვანე ეკონომიკის” როლზე. კომიტეტების სხდომებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გენერალურ ასამბლეას შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება“, – განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, ოთარ დანელიამ.
კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მწვანე ეკონომიკის” განვითარება ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია და, შესაბამისად, ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკის განხორციელებაში აჭარაც აქტიურად მონაწილეობს.
„აჭარაში ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომლებიც სწორედ „მწვანე ეკონომიკის” გაძლიერებას ითვალისწინებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ნარჩენების მართვის პროექტი – პირველად აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის სისტემა დაინერგება და ტურისტულ ქალაქში არსებული არასტანდარტული, თვითნებური ნაგავსაყრელის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება მთის განვითარების კუთხით, რადგან „მწვანე ეკონომიკის“ გაძლიერების მთავარ საფუძველს მაღალმთიანი აჭარის განვითარება წარმოადგენს. ამ კუთხით, 19 მასშტაბური საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს, სადაც 133 მლნ. ლარია ინვესტირებული“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, მთის განვითარების მიმართულებით სპორტული და ეკოტურიზმის, ასევე, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც გარემოს დაცვასა და ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
მინისტრი ქობულეთში, ცოტა ხნის წინ, ნახევარმილიარდიანი საინვესტიციო პროექტის დაწყების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, პროექტის მიხედვით, 70% რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება.
„ბოლო მონაცემებით, აჭარას 2 მილიარდზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. ტურიზმი რეგიონის წამყვანი დარგია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, აჭარა იქცეს 4 სეზონზე გათვლილ ტურისტულ ლოკაციად და რეგიონს ამისი უდიდესი პოტენციალი ნამდვილად აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.
კომიტეტის სხდომის დასასრულ, შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო აქტივობები დაგეგმეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომებს რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე დეპუტატი დაესწრო.
საქართველოს პარლამენტიდან აღნიშნულ ღონისძიებას ოთარ დანელია, ზაზა გაბუნია და რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები