შუახევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
დღეს, შუახევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.
შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი მუნიციპალიტეტის 10 სოფლის 6 000-მდე მოქალაქეს ყველა იმ საჯარო სერვისით მოემსახურება, რომლის მიღებაც იუსტიციის სახლებში არის შესაძლებელი.
საზოგადოებრივ ცენტრში საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის” ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ.
ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, შუახევის ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები.