გიორგი გოგლიჩიძე: არჩევნების შემდეგ დაიწყება საქმიანობა, რაც კიდევ ერთ კეთილმოწყობილ უბანს შესძენს ქალაქს
“არჩევნების დასრულების შემდეგ აქ დაიწყება საქმიანობა, რაც კიდევ ერთ კეთილმოწყობილ უბანს შესძენს ქალაქს’ – ამ სიტყვებით მიმართა მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატმა აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლებს.
“ჩვენ, ახლა დევნილი მოსახლეობის კორპუსთან ვიმყოფებით. ადგილობრივებს სანიაღვრე კოლექტორი აქვთ მოსაწყობი და უნდათ ეზოს კიდევ უფრო კეთილმოწყობა. თქვენ დაინახავთ, რომ არჩევნების დასრულების შემდგომ, აქ დაიწყება საქმიანი მსჯელობა და საქმიანობა, რაც კიდევ ერთ კეთილმოწყობილ უბანს შესძენს ქალაქს”,- აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის მოადგილესთან მამუკა ცოტნიაშვილთან ერთად აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
“სახლი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით არის ერთ-ერთი ინიციატივიანი, აქტიური მოსახლეობით გამორჩეული. ისინი თავად ზრუნავენ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მათ აწუხებთ. ასე მაგალითად, მათ თვითონ იზრუნეს ეზოს კეთილმოწყობაზე. პროექტი, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, მათ საკუთარი ძალებით მინიმალურ ფასად გააკეთეს. ასე გააგრძელებენ ისინი აფხაზეთში დაბრუნებამდე, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ აფხაზეთი დასაბრუნებელია”- აღნიშნა მამუკა ცოტნიაშვილმა.