გიორგი გოგლიჩიძემ მოსახლეობას დაბა შორაპნის განვითარების გეგმა გააცნო

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობას დაბა შორაპნის განვითარების გეგმა გააცნო.
როგორც მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, იგი გამარჯვების შემთხვევაში დაბის განვითარებას ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით გეგმავს.
“შორაპნის მოსახლეობას წარვუდგინე გასაკეთებელი პროექტების ნუსხა. მათ შორის, ვგეგმავთ საბავშვო ბაღის, სტადიონის მოწყობას და რაც მთავარია, უნდა შემუშავდეს შორაპნის განვითარების კონცეფცია. ხელთ მაქვს ის მაკეტი, რომელშიც დაბის განვითარების ძირითადი მიმართულებებია ასახული და რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს აქ. სწორედ, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყება აქ სამუშაოები”,- აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
დაბა შორაპანში, ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე, პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი და იმერეთის ვიცე გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
ზვიად შალამბერიძემ მოსახლეობას იმ კონცეფციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის განხორციელებაც შორაპანში უახლოეს პერიოდში იგეგმება.
“კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დახმარებით ერთ-ერთ კომპანიასთან კონტრაქტი ფორმდება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა ჩამოყალიბდეს კონცეფცია. კონცეფცია ითვალისწინებს არა მარტო შორაპნის ცნობილი ციხის, არამედ დაბის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას და სხვა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. შორაპნის განვითარების კონცეფცია წლის ბოლომდე შემუშავდება რის შემდეგადაც დაიწყება სამუშაოები,-აღნიშნა იმერეთის ვიცე გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
ამ ტიპის პროექტის განხორციელებაში განვითარებასთან ერთად ადგილობრივების დასაქმების წყაროს ხედავს რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი.
“შორაპანში პირველად ვარ. მომწონს ხალხის განწყობა, მათი ჯანსაღი აზროვნება. შეხვედრაზე გარკვეული თემები გაჩნდა, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შორაპანი უძველესი ისტორიული მნიშვნელობის პუნქტია სკანდასთან ერთად და მისი კონცეფცია და განვითარება მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს გააჩენს. ეს ყველაფერი მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას, რისი უნარიც დარწმუნებული ვარ გიორგი გოგლიჩიძეს ყველაზე მეტად შესწევს, მას აქვს პოტენციალი აქტიურად ჩაებას პროცესებში. მე აქ სწორედ მის მხარდასაჭერად ვარ“ – განაცხადა მამუკა ცოტნიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები