ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე თენგიზ ჯგუშიას გამოჩენას ინციდენტი მოჰყვა
ზუგდიდში “ქართული ოცნების” შტაბთან საპროტესტო აქციაზე, სადაც დგებუაძეების მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის – თენგიზ ჯგუშიას გამოჩენას მცირე ინციდენტი მოჰყვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ჯგუშიას სანთებელა ესროლა, დაუდგენელი პირი სამართალდამცავებმა გაიყვანეს. ინციდენტის შემდეგ, აქციის მონაწილემ ჯგუშიას სიტყვით გამოსვლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რამაც აქციის სხვა მონაწილეებში პროტესტი გამოიწვია.
ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრების განცხადებით, აქციას პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და ისინი მხოლოდ დგებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
“აქცია არ არის პოლიტიკური ხასიათის. ჩვენ მხოლოდ ბესიკის გათავისუფლებას ვითხოვთ”,- განაცხადა დაკვებულის ოჯახის წევრმა.
ცნობისთვის, ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებასა და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.