რამდენი პირის მიმართ დაიწყო დევნა ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით გასულ წელს – პროკურატურის ანგარიში

2018 წელს ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც, ასევე, აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის გაზრდაშიც. “2018 წელს, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია. პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი, კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 91%-ის მიმართ, რაც, 2017 წელთან მიმართებით, ზრდის მაჩვენებელია. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემცირდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი. 2018 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა 12%-ის მიმართ, რაც, 2017 წელთან შედარებით, მკვეთრად კლების მაჩვენებელია. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით, ოჯახური დანაშაულის პრევენციისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთელი რიგი სტრატეგიული მიმართულებები განისაზღვრა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მათ შორის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
“ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, პროკურატურის სისტემაში სპეციალიზაციის მიმართულება 2016 წლიდან დაინერგა, თუმცა 2018 წელს ამ მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ გამოცემული იქნა 2018 წლის 20 თებერვლის ბრძანება პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, განისაზღვრა საქართველოს პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 (ოჯახში ძალადობა) და 111 (ოჯახური დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. ბრძანება ძალაში შევიდა 2018 წლის 1-ელ მაისს. აღნიშნული ბრძანების თანახმად, პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განსახორციელებლად, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ასევე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე უფლებამოსილებას ახორციელებენ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. 2018 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ დევნის დაწყების მაჩვენებელი და დევნის დაწყების საერთო მაჩვენებლის 1/3 შეადგინა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სპეციალიზებულ პროკურორთა რაოდენობის გაზრდა. 2018 წლის განმავლობაში სპეციალიზაციის 3 კურსი გაიარა 124-მა პირმა, ხოლო 2019 წლის თებერვალში გადამზადება გაიარა და სპეციალიზაციის სერტიფიკატი მიენიჭა დამატებით 31 პროკურორს და გამომძიებელს, რამაც, ჯამურად, 155 სპეციალიზებული პირი შეადგინა, მათ შორის არის 140 პროკურორი და 15 გამომძიებელი. 2018 წელს კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება ოჯახური დანაშაულის მიმართულებით. ამ მიზნით, 2018 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლების 2 ჯგუფი გადამზადდა. სასწავლო პროგრამა, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ერთად, ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო მუდმივად ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ყოველწლიურად აანალიზებს არსებულ მდგომარეობას. მონიტორინგის საფუძველზე, იგეგმება რეკომენდაციების განახლება, პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადების საჭიროებების განსაზღვრა. მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ექცევა, გაჭიანურების გარეშე ტარდება თუ არა გამოძიება აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე, დროულად მიიღება თუ არა შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, აგრეთვე, სრულდება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 1261-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ რეკომენდაცია, კერძოდ, ყურადღება ექცევა გამოძიების დროულად და სწორი კვალიფიკაციით დაწყებას, გამოძიების ჩატარების ხარისხს, საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე ჩატარებას, დაზარალებულად ცნობისა და დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების საკითხს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში, ამ კატეგორიის საქმეებზე ყურადღება ექცევა აღკვეთის ღონისძიების დასაბუთებას და, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის საკითხს. სასამართლო პრაქტიკისა და ტენდენციების პროკურორებისთვის გაცნობის მიზნით, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – განაჩენები და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინებები და მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რაც გაეგზავნათ პროკურორებს. 2018 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებისა და გამოწვევების შესაჯამებლად კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

კონფერენციაზე პროკურატურამ ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის შესახებ წლის ანგარიში წარადგინა. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს მოძალადეთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და დასაგეგმი პრევენციული ღონისძიებების საკითხები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარდა შეხვედრა სპეციალიზებულ პროკურორებსა და ევროპის საბჭოს ექსპერტს – ჯონ ვადჰამს შორის, რა დროსაც განხილული იქნა ოჯახში ძალადობის შესახებ მოქმედი რეკომენდაციის ირგვლივ ექსპერტის მიერ მომზადებული კვლევა. ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ექსპერტის მოსაზრებებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, იგეგმება მოქმედი რეკომენდაციის განახლება. 2018 წლის 30 ნოემბერს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე დახურული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, ადვოკატები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა. შეხვედრაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ მიდგომებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ოჯახური დანაშაულის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით. 2018 წელს გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებით მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის მონაწილე და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით. კოორდინატორის ჩართვა პრიორიტეტულად ხდება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებში, სადაც დაზარალებული ობიექტურად საჭიროებს დახმარებას. კოორდინატორის ჩართვის მიზანია, ამ კატეგორიის საქმეებში მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერა და გაძლიერება, სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება. 2018 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ესპანეთის სამეფოში განხორცილდა სასწავლო ვიზიტები, სადაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები გაეცნენ აღნიშნული ქვეყნების პრაქტიკას ოჯახში ძალადობის მიმართულებით. 2018 წელს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ოჯახში ძალადობის თემაზე სპეციალიზებული პროკურორებისთვის ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა 2 სასწავლო კურსი – ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ბრძოლის თემაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სწავლება ერთობლივად გაიარეს საქართველოს პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, 32 პროკურორმა და 10 გამომძიებელმა. 2018 წელს პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში პროკურორებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ 241 შეხვედრა გამართეს საქართველოს ყველა რეგიონში. აღსანიშნავია, ასევე, რომ სახალხო დამცველმა 2018 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში, ცალსახად მიუთითა, რომ გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დამცავი ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი, რაც უკავშირდება საქართველოს პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან მუშაობას”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები