პენტაგონმა უკრაინის დახმარება თეთრი სახლის ინფორმირების გარეშე შეაჩერა – მედია
CNN-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა თეთრ სახლს გასულ კვირას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ აცნობა.
მედიის ცნობით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არაფერი იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ.
საკითხთან დაკავშირებული ხუთი წყაროს ცნობით, ჰეგსეთის ნაბიჯმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი შიდა უთანხმოება გამოიწვია.
წყაროების ცნობით, ეს ერთ წელიწადში მეორე შემთხვევაა, როდესაც ჰეგსეთმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, რაც შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სხვა წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა შეაჩერა, იმ მოტივით, რომ სხვა საფრთხეებისგან დასაცავად იარაღი უნდა შეენარჩუნებინა. 8 ივლისს, კაბინეტის სხდომაზე პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას გააგრძელებდა.