წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა
წეროვანის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ღია კარის დღით დასრულდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო ცენტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს კვირეულის ბოლო დღეს უმასპინძლა.
„სამხედროების ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ.
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი კვირის განმავლობაში 10 -ინდივიდუალურ და 2-გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. თამაშები გაიმართა: კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს – 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეულის ჩატარება დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებასა და სოლიდარობას გამოხატავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.