პროკურატურა: გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 139 პირზე დაიწყო

2018 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 139 პირის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს – ისევე, როგორც წინა წლებში – სისხლისსამართლებრივი დევნა, ძირითადად, დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობა), 126-ე- 1261-ე (ძალადობა და ოჯახში ძალადობა), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა), 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 339-ე (ქრთამის მიცემა), 150-ე, 151-ე და 1511 -ე (მუქარა, იძულება და ადევნება) და 182-ე (მითვისება-გაფლანგვა) მუხლებით.
“განრიდების მექანიზმი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაინერგა 2011 წლიდან. განრიდების მექანიზმის გამოყენებისას მხედველობაში მიიღება დანაშაულის ხასიათი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის ჩამდენის პიროვნული მახასიათებლები და სხვა გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეს ახასიათებს. 2018 წელს განრიდების მექანიზმი გამოყენებული იქნა 52 პირის მიმართ. განრიდებული 52 პირიდან 17 იყო მოხელე. განრიდების მექანიზმი გამოყენებული იქნა, ძირითადად, შემდეგ მუხლებზე: 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) 15 პირი, 180-ე მუხლი (თაღლითობა) 11 პირი, 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) 10 პირი, 276-ე მუხლი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) 7 პირი და 341-ე მუხლი (სამსახურებრივი სიყალბე) 6 პირი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დევნა დაწყებული 139 პირიდან 65 მათგანი (49,2%), დანაშაულის ჩადენის დროს სხვადასხვა რანგის მოხელე იყო. მათ შორის დევნის დაწყების დროს 44 პირი (66%) იკავებდა დაკავებულ თანამდებობას. 2018 წელს, წინა წლების მსგავსად დევნა დაწყებული საჯარო მოხელეების 64%-ს წარმოადგენენ პოლიციელები. 2018 წელს მოხელეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უმეტეს შემთხვევაში (63%) დაიწყო 2017-2018 წლებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები