თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ცნობილი ავსტრიელი მწერალი რობერტ მენასე ეწვევა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ესეისტი რობერტ მენასე ეწვევა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მწერალი ქართული საზოგადოების წინაშე პირველად 30 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში წარდგება, იმავე დღეს კი გაიმართება მისი წიგნის „დედაქალაქი“ წარდგენა ფესტივალის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.
მწერლის ცენტრალური ღონისძიება გაიმართება 31 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სადაც რობერტ მენასე და თანამედროვე ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე ისაუბრებენ თემაზე „ევროპის პოლიტიკა და პოეტიკა“.

რობერტ მენასეს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა „დედაქალაქი“, რომელმაც 2017 წელს საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნის წოდება მოიპოვა, დაიდგა ციურიხში, ვენაში, ესენში და დასაბამი მისცა ინტელექტუალურ დისკუსიას ევროპული იდეის, ევროპის მომავლის შესახებ. აღნიშნულ რომანში რობერტ მენასე ევროპული იდეის დაუღალავ დამცველად გვევლინება. „დედაქალაქი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2018 წელს გამოსცა და ის გერმანული ენიდან მაია ფანჯიკიძემ თარგმნა.
ახლახან გამოიცა ზურაბ ქარუმიძის „ევროპული რომანიც“ „Untergang. მოგზაურობა ევროპაში“.
ღონისძიების მოდერატორები იქნებიან – მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე და ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.
რობერტ მენასე გამომცემლობა „ინტელექტისა“ და საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მოწვევით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ეწვევა საქართველოს.

„დედაქალაქი“

ბრიუსელში იყრის თავს ყველაფერი; ბრიუსელის ქუჩაში დარბის ღორიც. ფენია ქსენოპულო, კულტურის დირექტორატის მოხელე, რთული ამოცანის წინაშე დგას. მან ევროკავშირის კომისიის იმიჯი უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ როგორ? ფენია მარტინ ზუსმანს, თავის რეფერენტს, იდეის ჩამოყალიბებას ავალებს. იდეა ხორცს ისხამს – ეს არის წარსულის მოჩვენება, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებს მშფოთვარე დღეებს უქადის; დაუძლურებული დევიდ დე ფრინდი სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს მოხუცთა თავშესაფარში ელოდება სიკვდილს. იგი ბავშვი იყო, როცა სადეპორტაციო მატარებლიდან ჩამოხტა და საკუთარი ოჯახისგან განსხვავებით, სიკვდილს გადაურჩა. ახლა მისი ვალია, მოწმედ დაუდგეს წარსულს, რომელიც მეხსიერებიდან გაქრობას ლამობს.
არც კომისარ ბრუნფოს ამოცანაა ადვილი. იგი იძულებულია შეწყვიტოს მკვლელობის გამოძიება, რადგან პოლიტიკური ნება ასეთია; მისი ყველა ჩანაწერი უკვალოდაა გამქრალი. ხოლო ალოის ერჰარტი, სახალხო ეკომომიკის ემირიტირებული პროფესორი, ვინ იცის, უკანასკნელი მოხსენებით უნდა წარდგეს კომისიის ანალიტიკური ჯგუფის წინაშე, რომლის წევრებსაც ევროპის მომავლის ხედვის ჩამოყალიბება ევალებათ.
რას შვრება ამ დროს ბრიუსელი? ქალაქი სახელს ეძებს ღორისთვის, რომელიც მის ქუჩებში დაშლიგინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები