ირაკლი ჩიქოვანი: დაკავებული “ქართული ოცნების” კოორდინატორი არ არის
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გელა კვარაცხელია მათი კოორდინატორი არ არის და არც პარტიის წევრია. მათივე თქმით, შტაბს დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს.
“ჩვენ ვერ ავიღებთ მოქალაქეების პროტესტზე პასუხისმგებლობას. თუ ვინმეს პროტესტი აქვს და ასე გამოხატა, ამას გამოძიება დაადგენს. არ არის მართული ჩვენი მხრიდან”, – განმარტეს “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, მან მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ წინასაარჩევნო ვითარებას, რადგან ჩიქოვანის თქმით, ხშირად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არის პროვოკაციები და სხვადსხვა სენსიტიური თემით მანიპულაციების მცდელობები.
ცოტა ხნის წინ შსს-მ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გელა კვარაცხელია დააკავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დადიანების სასახლეში ბოტანიკურ ბაღში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ტელეკომპანია “ოდიშის” ცნობით, პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მათ ფიზიკურადაც შეეხნენ.