გია აბაშიძე: რა აერთიანებთ მიშას, მის გამოზრდილ არასამთავრობოებსა და მმართველი პარტიიდან ახლახან წასულ “ორთოდოქს ქოცებს”?

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მაესტროს“ ისტორიიდან ერთ საინტერესო მომენტს იხსენებს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. გია აბაშიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ტვ „მაესტრო“, „მერსედესი“, პოლიტიკური და კორუფციული ინტერესების თანხვედრა?..
ვეცდები, მოკლედ მოგიყვეთ ტელეკომპანია „მაესტროს“ საკმაოდ ჩახლართული ისტორიის ერთი საინტერესო მომენტი:
ბევრ თქვენგანს ახსოვს, რომ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში, როცა ტელეკომპანია „მაესტრო“ გააქტიურდა, ბუნებრივია, მასზე დაიწყო „ნაცმოძრაობის“ ზეწოლა. ეს ზეწოლა, პირველ ყოვლისა, ხორციელდებოდა „მაესტროს“ მფლობელზე მაკა ასათიანზე. რეჟიმმა მიიჩნია, რომ მაკა ასათიანის მიერ ტელეკომპანიის დაფინანსების შეწყვეტა ყველაზე ეფექტურად მაშინ მოხდებოდა, თუ საფრთხე დაემუქრებოდა ასათიანების ოჯახის ბიზნესს – „მერსედეს-ბენცის“ წარმომადგენლობას საქართველოში. „მაესტროს“ გაჩერება იმდენად მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტი იყო, რომ „ნაცების“ მმართველობამ იპოვა ადამიანი, ვისაც შეეძლო პრობლემების შექმნა „მერსედესისთვის“. ეს გახლდათ ვინმე დავით ძოწენიძე, რომელსაც სააკაშვილის „სასამართლომ“ გაყალბებული დოკუმენტაციით არგუნა „მერსედეს-ბენცის“ წარმომადგენლობაში [შპს „აკა“] წილების 1/5. დავით ძოწენიძე „მერსედეს-ბენცის“ წარმომადგენლობაში დაჯდა და მასთან ერთად კომპანიაში შევიდა კუდ-ის დელეგაცია: გირგვლიანის მკვლელები – ალანია და მელნიკოვი.
მაკა ასათიანს „შესთავაზეს“, რომ თუ ის აიღებდა ხელს „მაესტროზე“, მაშინ „მერსედესი“ გათავისუფლდებოდა კუდ-ის წნეხისგან. ასათიანმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ყველაფერი შეიცვალა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგად, რეჟიმი დაემხო. გაჩნდა სამართლიანობის აღდგენის იმედი და ხელახლა დაიწყო სასამართლო განხილვები. პირველმა და მეორე ინსტანციებმა ძოწენიძის „მეწილეობის“ დამამტკიცებელი ოქმი ცნეს ფალსიფიკაციად. მაკა ასათიანმა ორივე ინსტანცია მოიგო. რჩებოდა მესამე ინსტანცია – უზენაესი სასამართლო.
როგორც ჩანს, ამ საქმის მოგება იმდენად პრინციპული იყო “ნაცებისთვის”, რომ დაიწყო მათი არასამთავრობოებისა და მედიის ორგანიზებული შეტევა საზოგადოებრივ აზრზე. საქმეში ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ეკა გიგაურმა გამოაქვეყნა კვლევა „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“, სადაც მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ საქმე განიხილებოდა და ასათიანის ოჯახი დადანაშაულდა სასამართლო სისტემაში კორუფციულ გავლენებში და „მერსედესში“ მიშას სპეცსამსახურების მიერ შეტენილი ბიზნესმენის, დავით ძოწენიძის „ჩაგვრაში“. ამ „კვლევას“ ვრცელი სიუჟეტი მოაყოლა „რუსთავი 2-მაც“. სასამართლოზე ზეწოლა უკვე მთელი ფრონტით გაიშალა. მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ ფონის მოსამზადებლად იყო საჭირო, საბოლოო სიტყვამ ისევ იმ ძველ და ნაცად ხერხზე – კორუფციული ინტერესზე გაიარა. უზენაეს სასამართლოში საქმის ჩაწყობის ამბავში „პროფესიონალები“ ჩაერთვნენ.

„ავი ენები“ [სარწმუნო წყაროები] იმასაც ამბობენ, რომ „დაჩაგრულ“ ბიზნესმენ ძოწენიძის გამართლების საქმესა და უზენაესში ყველაფრის მოკვარახჭინებას ხელი თავად ქალბატონმა ეკა ბესელიამ მოჰკიდა და გაიმარჯვა კიდეც – „ქრთამმა კიდევ ერთხელ გაანათა ჯოჯოხეთი“…
2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება „მერსედეს-ბენცის“ საქმეზე და მითითებებით დაუბრუნა ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს.
სამართალსა და სამართლიანობაზე ორკესტრირებული შეტევის კლასიკაა „მერსედესის საქმე“. კლაუზევიცი მიმიქარავს, ისე დალაგებული სამხედრო ოპერაციაა. ჯერ ობიექტის საარტილერიო დამუშავება ხდება – მიშა საკუთარი ტელევიზიიდან მსხვილკალიბრიან გიგაურს უშენს სამართალს და უკვე მორყეულის „ზაჩისტკაზე“ მრავალნაცადი ბესელია ჩნდება და ბოლოს უღებს მას.
მორიგ მიამიტ კითხვაზე პასუხად: რა აერთიანებთ მიშას, მის გამოზრდილ არასამთავრობოებსა და მმართველი პარტიიდან სულ ახლახან განდგომილ “ორთოდოქს ქოცებს”, როცა ერთი “მესიჯბოქსით” უტევენ სასამართლოს, „მერსედესის საქმე“ და „დასმაზკული“ სამართალი უნდა გაიხსენოთ. როცა მორალისგან თავისუფლდები, შეუძლებელი არაფერია: დაგჭირდება – მაკა ასათიანს შეიყვან მიშასგან პოლიტიკურად დევნილთა რეესტრში, დაგჭირდება – მისი მჩაგვრელი ძოწენიძისგან აიღებ ქრთამს და აღუდგენ სამართალს… ოღონდ მეორედ… თუმცა – უკუღმა“, – წერს ექსპერტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები