სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულებისთვის რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ასევ,ე ქვეყანაში შემოტანისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 5-დან 14 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და, შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.
დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე, თბილისში 10 სხვადასხვა ლოკაციიდან  ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებასა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს.
„ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრინდა და ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას. მის მიერ ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ვადით ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გახსნეს.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როცა ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 392 აბი ნარკოტიკული საშუალება – „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო აღკვეთით ისჯება“, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ჯამურად, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი “ჰეროინი”, 1 800 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები