ლევან ნიკოლეიშვილი: სად მიდის „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზია“ და სად ზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „პრესა.ჯისა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხარჯა და ის შეიძლება, ბიტკოინების წარმოებასთან იყოს დაკავშირებული.

„სად მიდის „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზია“ და სად ზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები. გვარამიას შეტევის ახალი ვარიანტი: საქართველო (ამ შემთხვევაში კი ხელისუფლება) აფხაზეთს ელექტროენერგიას აძლევს იმიტომ, რომ იქ აწარმოებს კრიპტოვალიუტას! იმისთვის რომ გამდიდრდეს! აფხაზები კი ხელს გვიწყობენ ამ საქმეში. ან არ იციან, რომ ხელს გვიწყობენ. მოკლედ, ასე თუ ისეა, ჩვენ ვაკონტროლებთ აფხაზეთს (კონტროლია, აბა, რა დენს ვაძლევთ, ბიზნესი იქ გაშალა ხელისუფლებამ, რაღა დარჩა, რამდენიმე დეტალი და…). ოღონდ ამის შესახებ არავინ იცოდა, სანამ „რუსთავი 2-მა“ არ განაცხადა. შემდეგი „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზიის“ ფრაზები, ალბათ, ასეთი უნდა იყოს: „არიქა, აფხაზებო, არიქა, რუსებო, გამოფხიზლდით, საქართველომ ბიზნესის ფრთები გაშალა აფხაზეთში!“ ან „ფრთხილად, ელექტროენერგიას გაძლევენ!“ ან „შეწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი ქართველებთან, სანამ ხელისუფლებაში ესენი არიან“, „დაგველოდეთ და ჩვენ რომ მოვალთ და…“ არა და, რომ იყავით, რა გააკეთეთ დაახლოებისკენ?

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნებისმიერი შეხების წერტილების გაფრთხილება და გაღრმავება! კარგი იქნება, ამ დროს ვიწრო პოლიტიკურ-ოპოზიციური მიზნების მისაღწევად თუ ამ საკითხებს არ შეეხებით მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ასეთი საქმეების გაფუჭება-პროვოკაციებში ბადალი არ გყავთ. გასაგებია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ სიტუაციის არევას, შინ თუ გარეთ. გასაგებია, რომ ეს თქვენი გეგმის ნაწილია, მაგრამ ისიც უნდა გესმოდეთ, ყველა გეგმის წინააღმდეგ შეიძლება კონტრგეგმის დაპირისპირება, მათ შორის იმის დადგენაც, რეალურად, რას ემსახურება თქვენი გეგმები („შეტევები“)“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები