ზაალ ანჯაფარიძე: მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი ხდება

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდაზე საუბრობს და სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, მგონი, იპოვა თავისი, როგორც იტყვიან, Gold Mine. მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული და, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი ხდება. 2019 წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაიზრდება. ცოტაა თუ ბევრია, ინფლაციის პირობებში, მოდით, ეს თემა დროებით გადავდოთ. მთავარია, რომ იმაზე მეტი ექნება, რაც აქვს.
2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება და თუ ლარი/დოლარის კურსი  თუნდაც ამ დონეზე დარჩა, არცთუ ურიგო შემოსავალი გამოდის. ხელფასები, ასევე, ეზრდებათ რესურსცენტრებისა და სკოლების დირექტორებს, სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
საპენსიო ასაკის პედაგოგებს, თუკი სურვილი ექნებათ, დამსახურებულ პენსიაზე გავიდნენ, რასაც ფინანსური ასპექტების გამო  აქამდე ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფო მიანიჭებს პრივილეგიას და, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, ორი წლის ჯამურ ხელფასს ერთიანად გადაუხდის; ასევე, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2019 წლის ბოლომდე ვერცერთი შესაძლებლობის ფარგლებში დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, მაინც შეძლებს სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე იმავე ხელფასის შენარჩუნებით, თუმცა ვერ მიიღებს კომპენსაციას.
ახლა, როგორც რუსები იტყვიან, дело за малым, როგორ აისახება ეს განათლების ხარისხზე“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები