მამუკა მდინარაძე აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ანტისახელმწიფოებრივ ტყუილს უწოდებს

„ტყუილების დაბრალებას მიჩვეული ვართ, ეს ოპოზიციისა და მათ მიერ მართული მედიასაშუალებების დღის წესრიგია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მსგავსი ცრუ ინფორმაციები უარყოფითად მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხზეც.
„ადამიანი არასახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდე, რომ ეს იკადრო და ასეთი ტყუილი მოიგონო. ტყუილების დაბრალებას ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ. ეს არის ოპოზიციისა და მის მიერ მართული მედიასაშუალებების დღის წესრიგი, ეს გასაგებია, მაგრამ  როდესაც ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად აფხაზებთან ურთიერთობის თემას “ურტყამ”, არ ფიქრობ იმაზე, რას ვეუბნებით ახლა ამით აფხაზ ძმებსა და დებს, რომ პირადი გამორჩენის მიზნით გაძლევს ვიღაც ელექტროენერგიას და არა –  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც მათ ელექტროენერგიას უფასოდ აძლევენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული ინფორმაცია ანტისახელმწიფოებრივი ტყუილია.
„აქედან გამომდინარე, ეს ანტისახელმწიფოებრივი ტყუილია, რომელშიც, ასევე, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებია გადმოცემული. ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია“, – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი2-მა“  „პრესა.ჯი-ზე“ დაყრდნობით გაავრცელა. სიუჟეტში საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსა და კრიპტოვალუტების წარმოებისთვის „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები