დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები ელექტრონული განაცხადის შევსებას ვებგვერდ sa.gov.ge -ზე შეძლებენ.

„ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის – მოქალაქეები შეძლებენ, თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ, სააგენტოს ვებგვერდ sa.gov.ge -ზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.

ონლაინ დარეგისტრირებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში  თეორიულ გამოცდაზე, მინიმუმ, 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი).

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით: ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს Facebookგვერდზე“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები