ლევან ვასაძე: პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ
არ მიყვარს პოლიტიკა და არ ვუმიზნებ არანაირ პოლიტიკურ სტატუსს – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. ვასაძემ პოლიტიკაში მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი სახის ჭორები მედიაში დიდი ხანია ვრცელდება.
“ეს ჭორები საერთოდ ჩემზე პირველად ქართულ მედიაში, თუ არ ვცდები, 2004 წელს გამოჩნდა, მაშინ მე გახლდით 34 წლის, დღეს არის 2014 წელი. მე ვარ თითქმის 44 წლის და აი, ამ ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ასობით თუ უფრო მეტი არა, პუბლიკაცია, კომენტარი თუ ტელერეპორტაჟი გაკეთდა ამ თემაზე და მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ მე პოლიტიკაში არ მივდივარ. თუ ამ ათი წლის მერე მე წავალ პოლიტიკაში, ესე იგი, არ ყოფილა თქვენი საშველი, ყველა უნდა დამნებდეთ, იმიტომ, რომ მე რაღაც საოცარი განჭვრეტის და ათი წლით ადრე რაღაცის გათვლის უნარი მქონია“,- განაცხადა ვასაძემ.