სოსიაშვილი მაია სანდუს ეხმაურება: ეს არის უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი პერსონის განცხადება
„ეს არის უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი პერსონის განცხადება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა, რითაც მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას გამოეხმაურა.
“აი, აქეთკენ მიაქანებდნენ საქართველოსაც და გასაკვირი არ იქნებოდა, თუ ერთ მშვენიერ დღეს გვეტყოდნენ, რომ საქართველოსთვის გადაგვერქმია სახელი და სხვა სახელი დაგვერქმია ჩვენი სამშობლოსთვის. მათი დამოკიდებულება არის ერთა აღრევა, იდენტობის გაქრობა და ამავე დროს საუბარი ჰქონდათ იმაზე, თითქოს მოლდოვა ჩვენზე გაცილებით წინ იყო, კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მისცეს და მაგალითად მოჰყავდათ მოლდოვაში არსებული სიტუაცია, თითქოს ჩვენ სწორება მოლდოვის სახელმწიფოებრივ განვითარებაზე უნდა გაგვეკეთებინა. ხომ ხედავთ ახლა, რომ მოლდოვის სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე თავად ქვეყნის პირველი პირია ორიენტირებული“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს.