ადგილობრივებმა გორთან ახლოს რუსული სამხედრო ვერტმფრენი დააფიქსირეს
საქართველოს საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაირღვა.რუსული სამხედრო ვერტმფრენი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორთან ახლოს სოფელ მერეთში დღის პირველ ნახევარში ადგილობრივებმა და ტელეკამერებმა დააფიქსირეს.
მერეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ რუსული ვერტმფრენები მათი კუთვნილი სახნავ-სათესი მიწების თავზე ხშირად დაფრინავენ, თუმცა ოფიციალური თბილისი საჰაერო სივრცის დარღვევას არ ადასტურებს.
თემაზე კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, მსგავს მანევრს თვითონ საოკუპაციო ხაზთან მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცის მონაკვეთზე.
“ასეთ მანევრს თვითონ საოკუპაციო ხაზთან მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე -საჰაერო სივრცის ამ მონაკვეთზე ვერტმფრენის შემოფრენა არ დასტურდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ საერთოდ, საქართველოს – სუვერენული სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენებისა და სხვადასხვა აპარატების პერიოდული პატრულირება ხდება – ეს თავისთავად უკანონობაა. ამიტომ ჩვენი მხრიდან ამ ფაქტს ყოველთვის აქვს რეაგირება“,- განაცხადა ციხელაშვილმა.