როენა ხუცურაული ამბობს, რომ სასტუმრო „მამიდას“ “კათარზისად” გადაკეთებას აპირებდა

„დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, სასტუმროს შენობაში “კათარზისი” მინდოდა, გამეკეთებინა”, – ამის შესახებ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა, როენა ხუცურაულმა თბილისის საქლაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
როგორც ბრალდებულმა როენა ხუცურაულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ფართი მიაქირავა ზინაიდა ქორიძეს.
ამასთან, მისვე თქმით, იგი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების გაუქმებას აპირებდა, რადგაც ქირას ვერ იხდიდა.
“სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა, შემეწყვიტა. ზინაიდან მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, “კათარზისი” მინდოდა, გამეკეთებინა”, – განაცხადა ხუცურაულმა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე როენა ხუცურაულისა და ზინაიდა ქორისძისთვის პატიმრობას ითხოვს.
პროკურორის განმარტებით, როენა ხუცურაულმა ზინაიდა ქორიძეს ფართი პროსტიტუციისთვის გადასცა.
დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებისგან დამალვას არ გეგმავს, სასამართლოს კი გირაოს სახით 20 ათას ლარს სთავაზობს.
სასამართლოზე დაცვის მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები